გიორგი შენგელია: ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია ანაკლიაში ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან ახალგაზრდული პროგრამა განიხილა. შენგელიამ ახალგაზრდული სივრცის შესახებ ისაუბრა, რომლის აშენებასაც, გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდში აპირებს. მისი თქმით, ეს იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ  ტექნოლოგიების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განვითარდნენ.
“ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი ინტელექტუალური, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. ეს იქნება სივრცე, რომელიც იქნება თქვენი, ახალგაზრდების საკუთრება და იქ გენერირებული იდეები ხორცს შეისხამს. ამ იდეის განსაკუთრებულობა, ალბათ, არის ის, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
როგორც გიორგი შენგელიამ განმარტა, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომელიც ახალგაზრდების იდეებისთვის იქნება განკუთვნილი, გამოვლინდება საუკეთესო პროექტები და დაფინანსდება. ასევე  გაიზრდება ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსება. პროგრამა, როგორც წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემას, ასევე მათ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც შეუწყობს ხელს.
,,ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ მიზნის მისაღწევად ზუგდიდიდან, ან საქართველოდან გასვლა . ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეს უზარმაზარი რესურსი დავუკარგოთ ჩვენს მომავალს. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ან ტურისტად ან სასწავლებლად და იქ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ“, – აღნიშნა შეხვედრაზე შენგელიამ.
მერობის მმართველი გუნდის კანდიდატმა ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რისი გარანტიაც სახელმწიფოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები