ნინო გოგუაძე: ყველა უწყება თავისი მიმართულებით პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიის შესამცირებლად საპასუხო ღონისძიებები გაატაროს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

შეხვედრა შეეხებოდა საკვლევი თემის ირგვლივ დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებს საოკუპაციო ხაზის, ქვეყნის საზღვრისპირა და უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და პროექტები რომელიც უწყების მხრიდან ხორციელდება ამ მიმართულებით.

როგორც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ყველა უწყება თავისი მიმართულებით პასუხისმგებელია იმაზე, რომ საპასუხო ღონისძიებები გაატაროს ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიის შესამცირებლად. მისი განმარტებით, მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ეთნიკური უმცირესობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ კამპანიის მიმართ.

„შეხვედრისას, სახელმწიფო მინისტრისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აფასებს სამინისტრო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხის მასშტაბურობას, რა წყაროებზე დაყრდნობით იღებენ ინფორმაციას, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა სახელმწიფო უწყებების როლი, იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს უკეთ ინფორმირებული ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და უნარები იმისა, რომ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან გავარჩიოთ. დღეს გამართული შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი დასაწყისი იმისა, რომ მთავრობამ საბოლოოდ იფიქროს თუ როგორ შეიძლება ამ საკითხზე მუდმივ ფორმატში კოორდინაცია. მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო უწყებებს, როლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ჰქონდეთ არსებული ინფორმაციის პერიოდულად გაცვლის ფორმატი, სადაც პარლამენტის როლი იქნება განსაკუთრებული და მისი ჩართულობა გამოკვეთილი”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ანტიდასავლურ საინფორმაციო პროპაგანდაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში რუსულ პროპაგანდას თავისი გეოგრაფია გააჩნია – ერთი მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონები სრულ იზოლაციაშია, ხოლო მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჯერ კიდევ სახელმწიფო, ქართული ენის ცოდნის არადამაკმაყოფილებელი დონეა, რის გამოც ბევრი თანამოქალაქე ერთიანი ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმაა.

ქეთევან ციხელაშვილმა, ამ საინფორმაციო ვაკუუმის შესავსებად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

„ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ენის ბარიერს იმით ვლახავთ, რომ ჩვენ, მათ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე ვაწვდით. სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ფაქტობრივად კარდაკარ დავდივართ და ყველანაირ ინფორმაციას ვუზიარებთ მათ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანალოგიურ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ვერ ვახორციელებთ. აქ სხვა საშუალებებია. მათ შორის, სოციალური მედია, მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება ის კონტაქტებია, რომლებიც იზრდება – ეს არის დიალოგის სხვადასხვა პლატფორმა, ნდობის მშენებლობის პროექტები. ჩვენ, პარტნიორების დახმარებით, მეტ ძალისხმევას მივმართავთ ასეთი პირისპირი შეხვედრებისკენ, რადგან ეს ამსხვრევს სტერეოტიპებს და ამსხვრევს დეზინფორმაციას”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრას სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლელა გიგაური ესწრებოდა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებიდან ნინო გოგუაძის მთავარი მომხსნებელის გარდა, შეხვედრას ირინა ფრუიძე, გიორგი ხატიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>>

პროექტის მხარდამჭერია ვესტმისნტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები