ნუკრი ჭიღლაძე: ახალი დასასვენებელი პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, ყოველგვარი ხმაურის, ცერემონიებისა და პომპეზურობის გარეშე გაიხსნა

“წვერმაღალას გზაზე ახალი დასასვენებელი პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, ყოველგვარი ხმაურის, ცერემონიებისა და პომპეზურობის გარეშე გაიხსნა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გახსნილი პარკის გამწვანების უფროსმა, დეკორატორმა  ნუკრი ჭიღლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ორიარუსიან პარკში დასარგავი მცენარეები კლიმატისა და ტერიტორიის ტენიანობის  შესაბამისად  შეირჩა. მისივე თქმით, პარკის ზედა ნაწილი, რომელიც მთლიანად გაველურებული ტერიტორია იყო, გაიწმინდა და ახალი ნარგავები, მათ შორის – ქართული და უცხოური ჯიშის ციტრუსი გაშენდა.

„პარკის პირველ იარუსზე არის თითქმის საუკუნოვანი, ადგილობრივი ჭაობის კვიპაროსები. ამასთან ერთად, გავაშენეთ ახალი ნარგავები, საზღვარგარეთიდან შემოვიტანეთ ქაფურის ხეები. პირველი იარუსი მეორეს 198-საფეხურიანი კიბით უკავშირდება. დაახლოებით, 50 მეტრის სიმაღლიდან  ზღვის ძალიან ლამაზი ხედი იშლება. იქედან, ასევე, შესაძლებელია დენდროლოგიური პარკის დანახვაც. ზედა მხარე გაველურებული ტერიტორია იყო, რომელიც გავწმინდეთ, ახალი ნარგავები დავრგეთ და სხვადასხვა ჯიშის ციტრუსი გავაშენეთ როგორც ქართული, ისე – უცხოეთიდან შემოტანილი. ასევე, დაირგო 7 000-მდე ცალი ბამბუკი, რომლისგანაც ხეივანი გაშენდა. გარდა ამისა, დაირგო ტირიფები და კედარის ნარგავები. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მოსახლეობისთვის ქვაფენილი დაიგო. პარკის დანიშნულებაა, რაც შეიძლება, მიმზიდველი გახადოს წვერმაღალა ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის”, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.

ახალი დასასვენებელი პარკი, რომელიც ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს ყოველდღე, 10-დან 19 საათამდე ღიაა როგორც ტურისტების, ისე – ადგილობრივებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები