გია ვოლსკი: ვლადიმერ ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა

“ყველა ომს, რომელიც ინსპირირებული იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, არ შეიძლება, სამოქალაქო ომი ეწოდოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, რუსეთის მონაწილეობა და ინსპირაცია რომ არა, ძმათა მკვლელი ომები არ მოხდებოდა.

“შეიძლება, საამისოდ განწყობა გაქვს, ვინაიდან ეს ადამიანები შენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დაპირისპირება სამოქალაქოა, მაგრამ, რა საკვირველია, რუსეთის მონაწილეობა და ინსპირაცია რომ არა, ძმათა მკვლელი ომები არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, გარკვეულწილად, წინა ომებისგან განსხვავდება, მაგრამ აქაც იგივე თემა მოქმედებს. ეს ჰიბრიდული ომია, რომელშიც სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება, უშუალოდ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას – ვოლსკი ვარაუდობს, რომ ჩაჩიბაიას ამ მოვლენების პოლიტიკურ-ისტორიული შეფასება არ სურდა.

„რაც შეეხება ჩაჩიბაიას განცხადებას – დარწმუნებული ვარ, მას პრეტენზია არ ჰქონდა და არ აქვს, რომ ამ მოვლენებს პოლიტიკურ-ისტორიული შეფასება მისცეს, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის მოხდა და ეს ჩვენი ისტორიისთვის ტრაგიკულია. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას – დარწმუნებული ვარ, ამის პრეტენზია ჩაჩიბაიას არ გააჩნია. ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა და შეცდომა განზრახ არ არის იმისთვის, რომ თუნდაც ეს განცხადება რაღაც კონსპირაციას მიჰყვება. ყურადღება რომ არ მიგვექცია, შეიძლება, საყურადღებო არც ყოფილიყო, თუნდაც, მედიის სივრცეში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები