კახა კალაძე: ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და, რაც მთავარია, მეგობარი ქვეყანა
„ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და, რაც მთავარია, მეგობარი ქვეყანა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ განმარტა, მას ეს განცხადება არ მოუსმენია. კახა კალაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპა და ნატო-ში ინტეგრაციაა.
„მე, უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ჰქვია ევროპა, ნატო-სთან თანამშრომლობა. თქვენ იცით, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და, რაც მთავარია, მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და, ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკებების შედეგად. მოლაპარაკების შედეგის პროდუქტი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ თემაზე, რაზეც მკითხეთ, საუბარი და განხილვა არ ყოფილა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი აქვს „ქართულ ოცნებასთან“ . ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი. რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, პროვოკაციად იქნას აღქმული.