ეკა ბესელია: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღებით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ
დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება “ოცნებების” საკუთარი ხელით დამარხვაა.
მისივე შეფასებით, ამ ნაბიჯით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ.
„სრულიად წარუმატებელ გზას დაადგა, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. აჩვენა, რომ პარლამენტი აბსოლუტურად ექვემდებარება იმ კლანურ ინტერესებს, რომელიც იუსტიციის საბჭოსა და სასამართლოში გამეფდა. ამ კენჭისყრამ აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ რეალობის აღქმა დაკარგული აქვს. ის პროცესებისა და საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ მიდის.
იმ რამდენიმე მოწინააღმდეგეს შორის, რომელიც ჩვენს კანონპროექტს ჰყავდა, ვოლსკისა და კაკულიას წინააღმდეგ მიცემულმა ხმამ გამაკვირვა. სხვები არ მიკვირს, რადგან ის დანარჩენი პარლამენტში პირდაპირ იმ კლანურ ინტერესებს ლობირებს. უმრავლესობიდან ისევ იმ ადამიანებმა მოგვცა ხმა, ვინც წინა კანონპროექტის შემთხვევაში მოგვცა. მთლიანობაში, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი წარსულისკენ. გამოუყენებელი შესაძლებლობა და “ოცნებების” საკუთარი ხელით დამარხვა – ამ პროცესს ასე შევაფასებდი. ამ პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.