“ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში”
მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და უმრავლესობიდან წასვლა დაამთხვია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას.
„ლევან კობერიძის განცხადება არ მომისმენია, როგორც ჩანს, რამდენიმე წამის წინ გაახმოვანა, თუმცა ახლავე შემიძლია, გაგცეთ პასუხი, რადგან ამაში უჩვეულო არაფერია. ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში. ის გამოხატავდა სხვა პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა, ლევანისგან განსაკუთრებით, რომ მანაც გადაწყვიტა, სასამართლოს თემასთან დაკავშირებით გაეკეთებინა ასეთი განცხადება, სასამართლო თემაზე მიება უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. ის ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს უმრავლესობის შიგნითაც ახმოვანებდა და შეგიძლიათ, ლევანის ძველი განცხადებებიც ნახოთ, ის ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა. ამიტომ ვამბობ, რომ ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და დღეს დაამთხვია, მაინცდამაინც, მესამე მოსმენას. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელ პოლიტიკურ თამაშშიც ჯერ ჩართული იყო თავის დროზე ეკა ბესელია, შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით – ზვიად კვაჭანტირაძე. როდესაც ჯგუფი ერთ აზრზეა და რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მათ შეუძლიათ, ერთად დატოვონ უმრავლესობა. თუმცა მხოლოდ პიარზეა გათვლილი ის, რომ ნაწილ-ნაწილ, სამმა-ოთხმა კაცმა უნდა დატოვოს უმრავლესობა, რათა უმრავლესობა ამით დააზიანოს და მისი პიარსტრატეგია იყოს ასეთი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დღეს დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.