პარლამენტმა მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც ცვლილებებს კენჭი უყარეს. პროექტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, 33 კი წინააღმდეგი წავიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე, დადგინდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.
ცნობისათვის, კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა ასახული.
​კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე, ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთეტაპზე სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არცერთ ეტაპზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები