არჩილ თალაკვაძე: რაც რატიანმა გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე თქვა, იყო დეზინფორმაცია
„ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში”, – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ისე – რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისებისა და პროექტების განხორციელების მხრივ.
„რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ისე რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისებისა და პროექტების განხორციელების მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100%-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს”, – აცხადებს თალაკვაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა.
პარლამენტის სხდომაზე რატიანი რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელს გამოყოფილი თანხის – 7 მილიონი ლარის აუთვისებლობაზე საუბრობდა.