თამარ ჩუგოშვილი: ამერიკული სამხედრო ბაზების თემა დღის წესრიგში არ დგას

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ ამ თემაზე დისკუსიის გამართვა არ ღირს. როგორც მან აღნიშნა, ამერიკა ჩვენი მთავარი მხარდამჭერია და მასთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.
„პროვოკაციებზე თუ ვსაუბრობთ, პროვოკაციები ჩვენ რუსეთის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს – საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა. უფრო უკეთ არის განვითარებული ეს ურთიერთობა, ვიდრე – ოდესმე. ეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.
რაც შეეხება სამხედრო ბაზებს – როგორც ვიცი, არანაირი მსჯელობა ან განხილვა ამ თემისა არ მიმდინარეობს. სამხედრო ბაზების თემა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ფორმით სამხედრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი პარტნიორი და მთავარი მხარდამჭერია.
ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვები თუ არის, ეს ხელოვნური კითხვებია იმიტომ, რომ ქვეყანას ყველანაირად აქვს დამტკიცებული, ეს ფაქტებია და მსჯელობა და ვარაუდები არ არის. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს და ყველა იმ პირობას აკმაყოფილებდეს, რაც ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, ამ კუთხით კითხვები არ უნდა არსებობდეს. დანარჩენი რაღაცები დამაზიანებელია, ამაში შემიძლია, დაგეთანხმოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
​მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ წამოიწია ამ თემამ დღევანდელ განსახილველ საკითხებში.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომ არაა საჭირო, საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.
„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ – ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიურნი არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები