ლელუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს – ასეთი სისულელის ჩემს თავზე აღებას არ ვაპირებ
კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს. ლელუაშვილის განცხადებით, გივი თარგამაძემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და მას პორტატულ აპარატურასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მას ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია.
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არასოდეს, არანაირი შეხება არ მქონია მათ პორტატულ აპარატურასთან. არანაირ შესყიდვებს არ ვახორციელებდი. არავინ არ დამკავშირებია. ბოლოს მოდულის შენობის წინ რამდენიმე თვის წინ ვიყავი, სადაც ერთ-ერთ საქმეზე დამკითხეს. მას შემდეგ მოდულის შენობაში არ ვყოფილვარ. ასეთი სისულელის ჩემს თავზე აღებას არვითარ შემთხვევაში არ ვაპირებ“, – აცხადებს ლილუაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გივი თარგამაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაჟა ლელუაშვილი პორტატული აპარატურის შეძენის საქმეში მოწმეა და ის ვანო მერაბიშვილსა და მის მაშინდელ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს.