გია ვოლსკი: ვერ ვიტყოდი, რომ წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და პრეზიდენტის განცხადებებს შორის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტის მოსაზრება საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას არ უპირისპირდება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის კურსი ერთია, ესაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე ზურაბიშვილი დგას ამ კურსიდან შორს.
„გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს. პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს, თუმცა არ მგონია, გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ ფუნდამენტურად მომზადება იმ საკითხების, რასაც ჰქვია ბაზის მშენებლობა, ნატო-ს წევრობა, ეს იგულისხმა.
ამერიკასთან ურთიერთობები შედგება საკმაოდ მძლავრი დანაყოფებისგან, როგორიცაა პოლიტიკური სფერო, ადამიანთა ურთიერთობის, ბიზნეს ურთიერთობის სფერო და რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოების სფერო. ამ ფორმატში გარკვეული აზრები, გადახრა, გადმოხრა მთავარი კურსიდან შეიძლება იყოს ცალკეული შეცდომით, შეიძლება ტექნიკური შეცდომა დავარქვათ ამას. მაგრამ მთლიანობაში, ეს მთავარი კურსი არანაირ ნაკლოვანებას არ განიცდის, ვერც განიცდის, ეს გაცილებით უფრო გლობალური საკითხია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ გავშიფრავდი ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და მის განცხადებებს შორის, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს. მთლიანად, გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, შეხედულებებს თუ გავაანალიზებთ, რასაკვირველია, კურსი ერთია, ეს არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე დგას ამ კურსიდან შორს, ერთი და ნახევარი ნაბიჯითაც კი.
თუ ის მსჯელობს იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია, ბაზის დღეს მშენებლობა ან ხვალინდელი პერსპექტივები ნატო-სთან ურთიერთობის, ეს არის მსჯელობა, მისი შეხედულებები, რომელიც არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ არაა საჭირო საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.
„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.