გამოფენა – „კუნძულის ზღაპრები” გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, გამოფენა „კუნძულის ზღაპრები” გაიმართება. გამოფენა ხორციელდება „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მონაწილეობენ; ქეით მელორი, ოსამუ ჯეიმს ნაკაგავა, მარკ რადერი, სანე დევილდე.
კურატორი: თინა შელჰორნი.

ქეით მელორი, დიდი ბრიტანეთი — კუნძული: სანაპირო
სერია 48 ფოტოსგან შედგება, რომელიც გადაღებულია ინგლისის სანაპიროს შემოგარენში, 50 კმ-ს დაშორებით, კოორდინატთა სისტემის გამოყენებით. ფოტოები 1989-94 წლებშია გადაღებული — იმ დროს, როდესაც არხის გვირაბს აგებდნენ. გამოყენებულია Widelux-ის პანორამული ფოტოაპარატი, რომელიც მიმართული იყო ჰორიზონტისკენ—ცენტრალური ვიზუალური თემისკენ, რომელიც აერთიანებს ფოტოზე აღბეჭდილ გამოსახულებებს. ჰორიზონტის ხაზი ერთგვარი საზღვარია — ის, რასაც ვხედავთ, მაგრამ არ არსებობს. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ხაზს, მით უფრო ხელიდან გვისხლტება.

ოსამუ ჯეიმს ნაკაგავა, ბლუმინგტონი, აშშ — ბანთას კლდეები, 2006-2008
ოკინავას კლდეების ნაკაგავასეული ფოტოების ჰიპერრეალური ხასიათი ხელოვანის მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა — მან გააერთიანა რამდენიმე ხედი ისეთი გამოსახულების მისაღებად, სადაც ყველა სიბრტყე კონცენტრირებულ ფოკუსშია მოქცეული. ამავე დროს, გამოსახულებები მჭიდროდაა მოჭრილი და თავბრუდამხვევი პერსპექტივებია შერჩეული. ხელოვანი კლდეებით დაინტერესდა, მათი ცივი სილამაზის და ემოციური თვალსაზრისით, სენსიტიური ისტორიის გამო. როდესაც ამერიკულმა ჯარებმა 1945 წლის გაზაფხულზე ოკინავა დაიპყრეს, ათასობით ოკინაველი ციცაბო კლდეებიდან გადახტა.

მარკ რედერი, ბერლინი — მალიორკა — განვითარების პროცესში მყოფი კუნძული
მარკ რედერი ეწვია ესპანეთის კუნძულს, რომელიც, უპირატესად, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტადაა ცნობილი. ოთხი წლის განმავლობაში, ის აქ თვალს ადევნებდა ლანდშაფტის და არქიტექტურის მკვეთრ ცვლილებებს და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ტურისტის მოზღვავებას. ხელოვანი, თავისი ფოტოაპარატით, სხვადასხვა ათწლეულში, არქეოლოგივით აღწევდა ამ სამოთხის წიაღში, რომელიც გლობალური კაპიტალიზმის პარამეტრების შესაბამისად იცვლებოდა.

სანე დე ვილდე / NOOR. ანტვერპენი — დალტონიზმის კუნძულის შვილები
მე-18 საუკუნის ბოლოს ტაიფუნმა გადაუარა პინგელაპს — წყნარი ოკეანის პატარა ატოლს. ერთ-ერთ გადარჩენილს, მეფეს, აქრომატოპსიის იშვიათი გენეტიკური სინდრომი ქონდა, რაც სრულ დალტონიზმს იწვევს. მეფე აჩენდა შვილებს და დროთა განმავლობაში, გენეტიკურმა სინდრომმა კუნძულის მოსახლეობაზეც გავლენა იქონია — მათ შავ-თეთრ ფერებში დაიწყეს სამყაროს აღქმა.

დასწრება გახსნის დღეს უფასოა.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი. ქარვასლა, სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები