შიდა აუდიტორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ი მხარდაჭერით აქტიურ ნაბიჯებს დგამს შიდა აუდიტის ინსტიტუტის გაძლიერებისა და განვითარებისთვის. სხვადასხვა უწყების შიდა აუდიტორებს, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და GIZ-ის საჯარო ფინანსების მართვის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბერნ მიულერმა სერტიფიკატები გადასცეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სექტორის შიდა აუდიტორებისთვის წელს რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა შიდა აუდიტის საფუძვლებში. ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით, 4-დღიანი სასწავლო კურსი 9 სხვადასხვა უწყების 20-მა შიდა აუდიტორმა გაიარა. სწავლებაში მონაწილეობდნენ როგორც სამინისტროების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორები. საჯარო სექტორში შიდა აუდიტის გაძლიერება მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. სწავლების მიზანს წარმოადგენდა, აუდიტორები უკეთ გაცნობოდნენ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განსხვავებულ ფუნქციებს, მიეღოთ ინფორმაცია შიდა აუდიტორული შემოწმების თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის რისკების შეფასების შესახებ. შიდა აუდიტის მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა, ამასთან ეფექტიანად და მიზანმიმართულად მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები