იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქუთაისის ციხეში 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო იმ 11 არასრულწლოვნისთვის, რომლებიც ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

„დღეიდან ეს ბავშვები მეტ დროს გაატარებენ ეზოში, ჰაერზე, ვიდრე ე.წ. სასეირნო საკანში,” – ასე დაიწყო ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში წინასააღდგომო შეხვედრა თეა წულუკიანმა არასრულწლოვან პატიმრებთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საპატიო მოქალაქე და მოსამართლე რენატე ვინტერი.

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119 ბრძანებით დამტკიცებული ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება. დებულების 34-ე მუხლის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყოველდღიურად არანაკლებ ერთი საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებული დამატებით სარგებლობს სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით კვირაში არანაკლებ ოთხი საათისა.

მიუხედავად ამისა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნები სუფთა ჰაერზე დღეში ერთ საათს მხოლოდ ე.წ. სასეირნო საკანში ატარებენ, ხოლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა მათთვის ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობის საშუალებას საერთოდ არ იძლევა. ჟანგბადისა და მზის სხივების ნაკლებობა მათთვის სერიოზული პრობლემაა”, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2019 წლის ზამთარში, აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების ერთ-ერთი შიდა ეზო კეთილმოწყობილიყო და ადმინისტრაციას არასრულწლოვნებისთვის საშუალება მიეცა, ე.წ. სასეირნო საკანში ერთი საათით ყოფნის ნაცვლად, უფრო მეტი დრო ჰაერზე, ახალმოწყობილ ეზოში გაეტარებინათ.

მას შემდეგ ეზოში გაკეთდა სასეირნო ბილიკები, ბორდიურები, დაითესა ბალახი და დაირგა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მინისტრის დღევანდელი ვიზიტისას არასრულწლოვნები პირველად გამოვიდნენ საკნებიდან და მათთვის მოწყობილ სპეციალურ ეზოში მზეზე რამდენიმე საათი გაატარეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დღის განმავლობაში გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ წარსულში არაერთი რეკომენდაცია გაიცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„მათ შორის, ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქცენტი სწორედ ნომერი მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაკეთდა. კომიტეტის მიერ, რეკომენდაციის სახით, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ დროისათვის არსებული ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლის, მისი კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის საჭიროება. იგივე რეკომენდაცია გასცეს 2015 წელს კვლავ ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტ​მა (CPT) და 2017 წელს ევროკავშირისა და „იუნისეფის” (UNICEF) საერთაშორისო ექსპერტმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 11 არასრულწლოვანია, მათ შორის სამი მსჯავრდებულია, ხოლო რვა – ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები