ადვოკატი: უკრაინელი ქალი 10 ბავშვით, ქმარს ენგურის ხიდზე უნდა შეხვედროდა (ვიდეო)
ტრეფიკინგის მუხლით დაკავებული უკრაინის მოქალაქის ადვოკატი ზურაბ თოდუა წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს რომ ათივე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია.
„იულია სუსლიაკის მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და წყვილი ტრადიციის გაგრძელებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა შვილების გაჩენა ვეღარ შეძლო, მათ სუროგაციას მიმართეს. თუმცა 10 ბავშვიდან ბოლო ჩვილი იულია სუსლიაკმა თავად გააჩინა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკი მეუღლესთან ერთად, რომელიც უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, აფხაზეთში თავშესაფარს ეძებდა.
მისივე თქმით, თავად იულია სუსლიაკი კი საქართველოში ჩამოვიდა და მეუღლეს ენგურის ხიდზე უნდა შეხვედროდა.
„ჭორის სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ქალს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა. ამაზე საუბარიც კი ძალიან ძნელია ჩემთვის. 10 წლამდე ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. თუ ბავშვების გაყიდვის განზრახვა ჰქონდა, ორწელნახევარი უკრაინასა და მოსკოვში დადიოდნენ, უფრო დიდი შანსი არ ჰქონდათ, რომ რუსეთიდან, ან უკრაინიდან გაეყიდათ? სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა განხორციელებული. გუშინ და გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ზოგიერთი საკითხი სამართლებრივად განეხორციელებინა.თუ რას ემყარება უკიდურესი ღონისძიების – დაკავების გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. თურმე, არსებობდა საშიშროება, რომ ის საქართველოს ფარგლებს დატოვებდა. ჯერჯერობით, ჩემთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ახლა მივდივარ გამომძიებლეთან, რათა საქმის დეტალებს გავეცნო“, – განაცხადა თოდუამ.
უკრაინის მოქალაქეს, ბრალს ოფიციალურად სავრაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მეზობლებს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეჭვი გაუჩნდათ.
მას შემდეგ, რაც ბავშვები კლინიკაში მოათავსეს, გაირკვა რომ ისინი საკვებით იყვნენ მოწამლულები.
შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.
„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.