მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის – მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტმა, ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპირაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით დაინტერესება გამოთქვა.
“ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველსა და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცეპრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დაპატიჟა.
ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები