ქუთაისის ისტორიული უბნისა და სახვითი ხელოვნების გალერიის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
„ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ობიექტებს.
ფონდს, ასევე, დაგეგმილი აქვს 1976 წელს დაარსებული დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი“,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები