კონსტანტინიდი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით: დასამალი არ არის, რომ ბოლო პერიოდში იყო გარკვეული პრობლემები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვლადიმერ კონსტანტინიდი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით უნდა გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც საკითხის დარეგულირება მოხდება, რათა საქართველო შეჩერების მექანიზმის ამუშავების წინაშე არ დადგეს.
​მისივე თქმით, ეს პროცესი დასრულებული არაა და კიდევ ერთი ნაბიჯია ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ.
„დასამალი არ არის, რომ ბოლო პერიოდში იყო გარკვეული პრობლემები. თავშესაფრის მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობამ იმატა ევროკავშირისა და შენგენის ზონაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ის მონაპოვარია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. ეს არ არის დასრულებული პროცესი. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, ამიტომ ამ შედეგს უნდა შევხედოთ მეორე მხრიდან, როგორც პროცესს, რომელსაც ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჰქვია.
პასუხისმგებლობა მოჰყვება ნებისმიერ პრივილეგიას, მათ შორის – ამ საკითხსაც. ეს მექანიზმი არსებობს, უბრალოდ, იმისათვის, რომ ის არ ამოქმედდეს. როგორც სახელმწიფომ, ისე თითოეულმა ჩვენგანმა, მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით – გეტყვით, რომ აქტიური მუშაობა მიდის როგორც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივ რეჟიმში, ისე – ცალკეულ ინსტიტუტებთან. ადგილზეც ვახორციელებთ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს, ვმუშაობთ რეაგირების რეჟიმში. იცით, რომ რამდენიმე საინფორმაციო ტალღა გვქონდა? ვმუშაობთ მოქალაქეებთან, რომლებიც პოტენციურად არიან უვიზო რეჟიმით მოსარგებლეები“, – აღნიშნავს კონსტანტინიდი.
უწყების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოთქმული წუხილი სერიოზული განხილვის საგანია და რისკების გასანეიტრალებლად მუშაობა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები