შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს ხვალ ბათუმში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ხვალ ბათუმში აღნიშნავს. შსს-ს ინფორმაციით, ხვალ, 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოებს მოქმედ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს.|
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს, სადაც შსს-ს დანაყოფები თავიანთ ავტოპარკს, ტექნიკას, იარაღებსა და აღჭურვილობას წარმოადგენენ.
ამასთან, ბათუმის ბულვარში გაიმართება სანახაობრივი წარმოდგენები. საღამო ბენდ “ნიუტონის” კონცერტით დასრულდება.