თამთა მეგრელიშვილი: შალვა შავგულიძემ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი ხომ არ შეუწყო მკვლელებისთვის ლმობიერ სასჯელს?

რატომ არ გაასაჩივრა სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ პირველი ინსტანციის განაჩენი, რატომ არ მოითხოვა გირგვლიანის მკვლელებისთვის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელი, რატომ არ გააპროტესტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩადენილი საპროცესო დარღვევები. ხომ არ შეუწყო ადვოკატმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი მკვლელებისთვის ლმობიერი სასჯელის მისჯას? – ამ კითხვებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურისტი თამთა მეგრელიშვილი სვამს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი რომ არ გაეუქმებინა, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს, ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, იმაზე მეტ ხანს მოუწევდათ ციხეში ჯდომა, ვიდრე რეალურად მოუწიათ.

„სწორედ პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა შესაძლებელი, რომ მსჯავრდებულებს საპატიმრო ე.წ „უდოთი“ უფრო ადრე დაეტოვებინათ, ვიდრე ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი“, – ვკითხულობთ თამთა მეგრელიშვილის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაში.

„არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე არ აღსრულდა მართლმსაჯულება, რაზეც  საქმეში მონაწილე ყველა პირსა თუ ინსტიტუციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს“, – წერს ადვოკატი და დეტალურად იხსენებს იმ საქმის დეტალებს, რომელმაც, მისი თქმით, ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

თამთა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო შესწორებებმა მნიშვნელოვნად განაპირობა „გირგვლიანის საქმეზე“ „მართლმსაჯულების იმიტაცია“, რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე. მისი თქმით, აქვე ჩნდება დაზარალებულის ადვოკატის ნეგატიური როლი, რამაც სანდრო გირგვლიანის მკვლელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ხელი შეუშალა.

პოსტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო შესწორებები. ერთი-ერთი ასეთი შესწორება შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს, რომლითაც მსჯავრდებულებს ბრალი ჰქონდათ წარდგენილი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საკასაციო პალატა ვალდებული იყო, სსკ-ის 187-ე მუხლის ნაწილში შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები 6-6 თვით შეემცირებინა, რაც წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთის სახით განსასაზღვრი სასჯელის მინიმალურ ოდენობას.

„სამწუხაროდ, ადვოკატის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით კი სააპელაციოს საჩივრის არშეტანამ, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ზემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვის ბედი. ადვოკატის მოქმედებების გასამართლებლად არც ის არგუმენტი გამოდგება, თითქოს საჩივრის არშეტანა ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო დავის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგრძელებლად. არავითარი კავშირი სააპელაციო საჩივარსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას შორის არ არსებობს. ეს უსუსური არგუმენტია საკუთარი მოქმედებების გასამართლებლად. არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის არ არსებობდა, იმ პირობებში, როდესაც სანდრო გირგვლიანის მიმართ დაირღვა უმთავრესი სიცოცხლის უფლება, რაც დაადგინა კიდეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის შემდგომ 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსჯავრდებულებს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა, ხოლო სულ ცოტა ხანში მსჯავრდებულებმა პირობით ვადამდე ადრე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. ამით კი საბოლოოდ შეიკრა წრე სამართლიანობისა და ობიექტური მართლმსაჯულების წინააღმდეგ“, – წერს პუბლიკაციის ავტორი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ „სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა“ მთელი რიგი საპროცესო დარღვევების ფონზე წარმართა, მათ შორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებულის ადვოკატების მთელი რიგი შუამდგომლობები. მათ შორის არ დაკმაყოფილდა დაზარალებულის ადვოკატის შუამდგომლობა ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერების ამოღების თაობაზე, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია როგორც სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციაზე, ისე დამნაშავეთა სასჯელის ზომაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული პირები საბოლოოდ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 143-ე, 333-ე, 187-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულში და ორ ბრალდებულ პირს – 7 წლით, ხოლო ერთ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლოს მიმართ კრიტიკის ძირითადი წილი სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოდის.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ორი ბრალდებულისთვის, რომელთაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, სასჯელის – 8 წლამდე, ხოლო 8 წლით თავისუფლების აღკვეთამისჯილი ბრალდებულისთვის სასჯელის 9 წლამდე გაზარდა მოითხოვა.

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ბრალდებულების სასარგებლოდ გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია დაზარალებულის მხარეს. სწორედ აქ იწყება დაზარალებულის ადვოკატის შალვა შავგულიძის პასუხისმგებლობის ნაწილი. სწორედ ამ საკითხს მოგვიანებით დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და დაისმება კითხვები დაზარალებულის ადვოკატის პროფესიონალიზმისა თუ ანგაჟირებულობის თაობაზე. ამიტომ ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას შევაჩერებ.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ვკითხულობთ: „დაზარალებულმა მხარემ საჭიროდ არ მიიჩნია ცალკე სააპელაციო საჩივრის შეტანა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო საქმეს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ბრალდების ფარგლებში განიხილავდა (სსსკ-ის 450-ე მუხლი) და მას არ შეეძლო არც დანაშაულის გადაკვალიფიცირება განზრახ მკვლელობად დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ-ის 109-ე მუხლი), როგორც ამას პირველი განმცხადებელი ისურვებდა და არც საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის (სსსკ-ის 498-ე და 501-504-ე მუხლები).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მოყვანილი ზემოაღნიშნული ამონარიდი ცხადყოფს, რომ დაზარალებულის ადვოკატს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონმდებლობით არც დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა შეეძლო და არც საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისთვის. სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ სასჯელის ზომაზე მსჯელობის უფლება ჰქონდა. თუმცა დაზარალებულის ადვოკატს სააპელაციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის დამძიმება არ მოუთხოვია. სრულიად ამოუხსნელია, დაზარალებულის ადვოკატის საქციელი. თუ კი ის მიიჩნევდა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლო განხილვის სტადიაზე როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა, ისე საქმის გამოძიების სტადიაზე დაბრუნება შეუძლებელი იყო, რატომ არ მოითხოვა მან სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი.

მას, როგორც იურისტს, უნდა სცოდნოდა, რომ მომავალში სანდრო გირგვლიანის მკვლელების ხელმეორედ პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სისხლის სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომელიც კრძალავს ერთსა და იმავე ქმედებაზე პირის ორჯერ გასამართლებას, დასჯას (ne bis indem). სწორედ ამიტომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის მოთხოვნა რჩებოდა ერთადერთ საშუალებად, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს პასუხი ეგოთ ჩადენილი დანაშაულისთვის. თუმცა დაზარალებულის ადვოკატმა ეს შესაძლებლობა ვერ ან არ გამოიყენა.

სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე იმსჯელა და პირველი ინსტანციის განაჩენი დარჩა ძალაში.

ამის შემდგომ იწყება სამართლებრივი აბსურდის თეატრი, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულის ადვოკატმა და მოითხოვა საქმის სააპელაციო სასამართლოში უკან განსახილველად დაბრუნება, თუმცა სრულიად გაუგებარია დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნის მოტივაცია. იმის გამო, რომ დაზარალებულის ადვოკატმა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლოს ისედაც შეზღუდული უფლებამოსილება კიდევ უფრო შეიზღუდა. სააპელაციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე. საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დაზარალებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში დაზარალებულის ადვოკატი ვერავითარ მოთხოვნას ვერ დააყენებდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა.

საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი, საქმე განსახილველად არ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, თავად დაემძიმებინა ბრალდებულის მდგომარეობა. თუ საკასაციო პალატა მივიდოდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დამძიმების მოტივით უნდა შეცვლილიყო, ის საქმეს ხელახალი განხილვისთვის უბრუნებდა სააპელაციო სასამართლოს. თუმცა აღნიშნული დამოკიდებული იყო მთელ რიგ გარემოებებსა და პროცედურებზე.

იმ დროს მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის (საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა) მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო ინსტანციას უფლება არ ჰქონდა, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გაეუქმებინა სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის, თუკი საკასაციო საჩივრის ავტორს (ამ შემთხვევაში დაზარალებულის ადვოკატი) ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე. როგორც აღვნიშნეთ სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულის ადვოკატს არ შეუტანია სააპელაციო საჩივარი, არ მოუთხოვია ბრალდებულებისთვის სასჯელი ზომის გაზრდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კანონით აკრძალული ჰქონდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მსჯავრდებულთა მდგომარეობას გააუარესებდა. საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს 6-6 თვით შეუმცირა სასჯელი.

როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებულ მოქმედებაზეა საუბარი, ფაქტებით, დადასტურებულად იგულისხმება, რომ დანაშაულის ჩადენისთანავე, დაიგეგმა ერთგვარი სპეცოპერაცია, ამოქმედდა მთელი სახელმწიფო მანქანა, რათა გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

ამ პროცესში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო – აღმასრულებელი ხელისუფლება (პრეზიდენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) საკანონმდებლო (პარლამენტი) და სასამართლო ხელისუფლება; და თითოეულ მათგანს საკუთარი, მკაფიოდ განსაზღვრული როლი ჰქონდა!“ – წერს ადვოკატი.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები