„საქართველო ბეტონის ჩონჩხების გარეშე“ – დაზარალებული მენაშენეებისთვის გაერთიანება დაფუძნდა

საქართველოს ტერიტორიაზე დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების მწვავე მდგომარეობიდან და მათი განსაკუთრებულად დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, “დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანების” დაფუძნება გადაწყდა – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაერთიანების წარმომადგენლებმა: დავით კაშიამ, მერაბ მესხმა და გიგა წულეისკირმა განაცხადეს. მათი განცხადებით, “დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანების” მიზანია, დასრულდეს შეჩერებული მშენებლობები და ობიექტები კანონიერ მესაკუთრეებს ჩაბარდეს. როგორც ახალ გაერთიანებაში აცხადებენ, “დაუსრულებელი ბეტონის ჩონჩხების” ეპოქა უნდა დასრულდეს.
„ეს გაერთიანება შეიქმნა იმისათვის, რომ დაცული იყოს დაზარალებული მენაშენეების ინტერესები. დღემდე დაზარალებული მენაშენეების საკუთრებას განკარგავს დამზარალებელი დეველოპერული, ან სამშენებლო კომპანია. თავის ბედს დაზარალებული თავად ვერ წყვეტს, ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენ ამდენი დაუმთავრებელი ბეტონის ჩონჩხი გვაქვს თბილისსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ყველა დაზარალებული მენაშენე; შევქმნათ სხვადასხვა მისამართის მიხედვით ამხანაგობები, რომლებიც გადმოიბარებენ ამ მშენებლობებს და თავად განკარგავენ თავის ბედს, თუ რომელ სამომავლო ინვესტორთან, თუ სამშენებლო კომპანიასთან დადონ ხელშეკრულება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახლადშექმნილმა ამხანაგობამ თავად განსაზღვროს, თუ რა პირობით უნდა მისცეს დეველოპერს ან მშენებელს თავისი ქონება და მათ რა პირობებით უნდა ჩააბარონ დამთავრებული ობიექტი მესაკუთრეს. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა დაზარალებულმა მენაშენემ მოგვმართოს და გაწევრიანდეს გაერთიანებაში.
ჩვენი სლოგანია – „საქართველო და თბილისი ბეტონის ჩონჩხების გარეშე“, – განაცხადა დავით კაშიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანია „სფერო დეველოპმენტის“ დამფუძნებელმაც ისაუბრა.
„მე ვარ ერთ-ერთი დაინტერესებული დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი. მე შემოვედი ბაზარზე და ჩემი ინტერესი არის შეჩერებული მშენებლობების გადმობარება. ჩვენ იმიტომ გავერთიანდით „დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანებაში“, რომ წავაწყდით უამრავ პრობლემას. არსებობდნენ კომპანიები, რომლებმაც უკვე დააზარალეს მობინადრეები. თბილისი უკვე გაივსო ბეტონის ჩონჩხებით. ახალ კომპანიებს არ გვეძლევა საშუალება, რომ გადმოვიბაროთ მშენებლობები იმიტომ, რომ ისევ დამზარალებელი კომპანიები განაგებენ ამ დაზარალებული ხალხის ქონებას“, – განაცხადა წულეისკირმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები