ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპეის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო

   ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეი კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ აახენში გაიმართა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა.
“ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც.
“საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები