რა თანხა დაიხარჯა 2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტებზე
2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% – 1 533 222.35 ლარი მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, თანხის 82%, ანუ 1 500 000 ლარზე მეტი პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტებზე მოდის. IDFI-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ 2013 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სააკაშვილის 41 ვიზიტიდან ყველაზე ძვირად ღირებული 2 ვიზიტი დუბაიში შედგა. 2013 წლის მაისში პრეზიდენტის ორდღიანი სტუმრობა ბიუჯეტს 33 ათასი დოლარი დაუჯდა. ივლისში კი დუბაის ასევე ორდღიანი ვიზიტის საფასურმა 25 ათასი დოლარი შეადგინა. IDFI-ის ცნობით, 2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც 106 დღის დღიური ნორმა აღებული აქვს– სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით აიღო. მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტის ვიზიტების დროს სახელისუფლებო სახსრები რაციონალურად არ იხარჯებოდა.