„ყაზტრანსგაზ–თბილისი“: გლდანში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა – კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ – თბილისის” ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შევიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრო რაიონის მე-12 კორპუსში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.
„ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანასა და სავენტილაციო არხში დააფიქსირა“, – აცხადებს „ყაზტრანსგაზ – თბილისი“.
კომპანიის ინფორმაციით, სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა, ასევე, დაკეტილ ბინაში.
„უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზი გროვდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინასა და შემდეგ უკვე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კომპანია „ყაზტრანსგაზ- თბილისი“ აბონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ბოლო პერიოდში, ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას, შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, – ნათქვამია კომპანიის სპეციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები