„ეს არის რამდენიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, სადაც ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს ნაკლები ნდობა აქვს, ზოგმა აღნიშნა, რომ მეტი ნდობა აქვს“

„ეს არის რამდენიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელთაგან ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს აქვს ნაკლები ნდობა, ზოგმა აღნიშნა რომ აქვს მეტი ნდობა. ასე ფასდება სასამართლოს ნდობა? ვფიქრობ – არა“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე.
გიორგი მიქაუტაძემ რეკომენდაციაში ნახსენები საბჭოს ნდობის დაბალი ხარისხი, კომისიის მიერ რამდენიმე ადამიანთან გამართულ შეხვედრას დაუკავშირა.
„საბჭოს ნდობასთან დაკავშირებით იყო საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში, თუმცა იქვე კომისია ამბობდა, რომ ვერ შეაფასებს ნდობას და ამ განცხადებას აკეთებს ასე ვთქვათ გასაუბრების შედეგად, რომელიც რამდნიმე პოლიტიკურ და სხვადასხვა წრეებთან შეხვედრებზე მოისმინა. ეს არის რამდენიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელთაგან ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს აქვს ნაკლები ნდობა, ზოგმა აღნიშნა რომ აქვს მეტი ნდობა. ასე ფასდება სასამართლოს ნდობა? მე ვფიქრობ, რომ არა. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს ნდობა უნდა შეფასდეს იმ კვლევებით და შედეგებით, რომელიც გვაქვს. ბოლო რამდნიმე კვლევა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, რადიკალურად საპირისპირო შედეგებს აჩვენებს. ასეთ დროს ბუნებრივია ჩნდება კითხვები, თუ რატომ აფასებენ სასამართლოს ნდობას ერთი და ორი ისეთი ადამიანის შეფასების საფუძველზე, რომლის განწყობაც ჩვენ წინასწარ ვიცით“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოს საპარალამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა 16 აპრილს გამოქვეყნდა.
„თბილისში, ვენეციის კომისიის დელეგატების შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს არის თუ არა ნდობის დაბალი ფაქტორი სამართლიანი. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს აარჩევს, აღნიშნული სია კი შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ თითქმის ყველა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცებს, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს შესაძლოა, საზოგადოების ნდობის ფაქტორზე ნეგატიურად აისახოს. ისეთი ინსტიტუტი კი, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – ნათქვამია დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები