ფოთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ 

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას, ასევე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების ნორმის დარღვევით ტრანსპორტირებას აპროტესტებდნენ.
,,აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები , ასევე ადგილობრივები.მძიმეწონიან მანქანებს ტვირთები ისე გადააქვთ, რომ არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული.მთელი ღამის განმავლობაში საშინელი ხმაურია, საყვირების ხმა. ხალხი იწამლება, რა ნივთიერებები გადააქვთ არ ვიცით. ყოველ კვირა ერთ მიცვალებულს მივასვენებთ ფილტვების დაავადებით იღუპებიან. პორტში მუდმივად სხვადასხვა სახის ტვირთი შემოდის. ქარის დროს საშინელი მტვერია და ვიხრჩობით. აქ ცხოვრება გაუსაძლისია. თუ პროლემას ვერ აგვარებენ , მაშინ გადაგვასახლონ სხვაგან,“- განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ​ მონაწილემ, ვეფხვია გულორდავამ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ვითარებაში გარკვევას დაჰპირდნენ.
,,აქ ნორმების დარღვევით მიმდინარეობს თუ არა ტვირთების გადატანა, ამაში ჩვენ კომპეტენტური არ ვართ. მათ მოთხოვნაზე ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარების საკითხში. გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც შედგა კომუნიკაცია, აღნიშნული უწყების წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ, ვითარებას ადგილზე გაეცნენ და შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარეს, თუმცა დასკვნა ჯერ არ გვაქვს მიღებული. მიმდინარეობს საკითხის განხილვა და რეაგირების გარეშე არ დარჩება,“- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჯგერენაიამ.
აქციის მონაწილეებს სატრანსპოტო მაგისტრალი თითქმის ერთი საათის მანძილზე ჰქონდათ გადაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები