დმანისის მუნიციპალიტეტში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ტექნიკა გადაეცა
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს: „მოურავი“, „მთის ძირი“, „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ტატუაშვილთან ერთად, კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით, ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.