“მეც მაქვს ვალი იმ ბუფეტში… ეს არ არის სამანიპულაციო თემა” – რას ყვება გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი
“არ მაცალა, არ მაცალა, თორემ კარგი კაცი დადგებოდა მაგისგან.. იცით, როგორი გონება ჰქონდა? – ასე იხსენებს მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს მისი პედაგოგი, ხათუნა ფირცხალავა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას უსახსრობის გამო ან ოჯახში მშობლების უთანხმოების გამო მოეკლა თავი, არასწორია.
ხათუნა ფირცხალავა “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ბუფეტის ვალი სკოლის ნებისმიერ თანამშრომელსა თუ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს და მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს სამანიპულაციო თემა.
შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა.
“მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.