ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. მათ შორისაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300-ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლების მიღება რთულ პირობებში უწევთ. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი სოფელ კაბალს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბალის სკოლის გარდა, დაგეგმილია ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მშენებლობაც, რომელზეც უკვე გამოვლენილია გამარჯვებული და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.
გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.