ჭიათურა ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრებს ყოველდღიურად ატარებს.
გივი მოდებაძეს ადგილობრივები კარგად იცნობენ. კანდიდატად დასახელებამდე ის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებდა. უფრო მანამდე, მოდებაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონულ განყოფილებას, ასევე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონული სამსახურს ხელმძღვანელობდა. მმართველი პარტიის კანდიდატი, წლების განმავლობაში დაზღვევის სახელმწიფო ფონდშიც იყო დასაქმებული.
რაც შეეხევა ოპოზიციურ კანდიდატებს, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში პარტია “ევროპული საქართველო” მხარს დავით ჭუმბურიძეს დაუჭერს, თუმცა ის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. ოპოზიციის რჩეული ჭიათურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ნუკრი ჭუმბურიძის შვილია. ნუკრი ჭუმბურიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში იკავებდა. დავით ჭუმბურიძე მმართველ პარტიასთან არჩევნებში ერთხელ უკვე დამარცხდა. მან პოლიტიკური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარად კენჭი დამოუკიდებლად იყარა. მაშინ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.
ოპოზიციის მხრიდან მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ზურაბ კუპატაძეა. მას მხარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უჭერს. კუპატაძე სხვადასხვა დროს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 2011 წლიდან კი “ქართული ოცნების” წევრი იყო. ენმ-ის მერობის კანდიდატი 2017 წელს “ქართული ოცნების” სახელით ჭიათურის მერად აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე მან ერთი წელი იმუშავა. კუპატაძემ 2019 წელს მმართველი პარტია დატოვა და 19 მაისის არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ოპოზიციური პარტიის არცერთ წარმომადგენელს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არ დაუწყია. ჭიათურაში საარჩევნო განწყობების გასარკვევად “კვირამ” ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები ჯერჯერობით არც ენმ-ის და არც “ევროპული საქართველოს” კანდიდატის საარჩევნო პროგრამას არ იცნობენ. მათ უმეტესობას, ინფორმაცია არ აქვს, თუ ვინ აპირებს ოპოზიციიდან ბრძოლას ქალაქის მერობისთვის.