თორნიკე რიჟვაძე: მადლობა თქვენ, რომ აძლიერებთ მთას, აჭარასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაძე მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხულოს ეწვივნენ, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდნენ. მათ 1989 წლის 18 აპრილს მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს არის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს. მადლობა, რომ თქვენ აქ ამაგრებთ მთას, აჭარასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. მე ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. ქედს ვიხრი ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების წინაშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. აღსანიშნია, რომ აჭარის მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. აჭარის მთავრობამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. კომპლექსში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტიდან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 9 000 000 ლარი გამოიყო და ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები