“შეუძლია, დოკუმენტურად დაასაბუთოს ყველა ბრალდება, მათ შორის – ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა” – რა აცხადებენ ბორდში
აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლია, დოკუმენტურად დაასაბუთოს ყველა ბრალდება, მათ შორის – ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტისთვის 85 ათასი ლარი ნათია კაპანაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიხარჯა მაშინ, როცა კანონი ავალდებულებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებას. ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მეორე ინიციატორის, ირაკლი დარცმელიძის თქმით, დირექტორმა რამდენიმე რეიტინგული გადაცემა დახურა და სამსახურიდან პროფესიონალები დაითხოვა, უარს ამბობს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდაზე და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ბორდის სხვა წევრებმაც გააკეთეს. ნატა იმედაშვილის თქმით, პრობლემები, რომლებიც აჭარის “საზმაუში” იყო, გამოსწორების გზით არ მიდიოდა და მათი მოგვარება რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მომხდარიყო.
“წარმოდგენილი ანგარიშით, მაუწყებელში არსებული პრობლემები მთელი ამ ხნის განმავლობაში შეცვლისა და გამოსწორებისკენ, სამწუხაროდ, არ მიდიოდა. აქამდე მეგონა, რომ უფრო არგუმენტირებულ მაგალითებს მოვისმენდი – იმას, რაც დღეს მაუწყებელში არსებობს. მე ვიცი ერთი რამ, რომ ტელევიზიაში იყო და არის ძალიან ბევრი პრობლემა. დღეს მე ვფიქრობ, რომ პრობლემებს, რაც ტელევიზიაში არსებობს, სჭირდება გამოსწორება – ამასთან, რაც შეიძლება მოკლე დროში. სიტყვის თავისუფლებაც უნდა არსებობდეს, დემოკრატიაც და პლურალიზმიც. ყველაფერი ის, რაც 2013 წლის მონაპოვარი იყო”, – განაცხადა ნატა იმედაშვილმა.
აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა. იმპიჩმენტს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხმა დაუჭირა მხარი და ნათია კაპანაძემ თანამდებობა დატოვა.
კაპანაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სამოქალაქო სასამართლოში აპირებს.