ნატა ძველიშვილი: სპეკულაციებია აჭარის “საზმაუს” დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე და ეჭვებს აღძრავს
“მრჩეველთა საბჭომ დღეს თქვა, რომ ის პროგრესი, რაც აქვს აჭარის ტელევიზიას, არ უნდა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება, დღევანდელი სხდომიდან გამოვიტანოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მიმდინარე პროცესები გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.
“ჩვენ ვაკვირდებოდით ამ მაუწყებლის მიერ მომზადებულ ამბებს ნათია კაპანაძის დირექტორობამდე, დირექტორობის დროს და მის შემდეგაც დავაკვირდებით. გვექნება დეტალური დასკვნა, რას ემსახურებოდა ეს საკითხი, ეს ყველაფერი, რადგან, რა თქმა უნდა, სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება აღნიშნული გადაწყვეტილება. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის იმპიჩმენტი არ არის რიგითი გადაწყვეტილება. ამას სჭირდება მყარი დასაბუთება, რომელიც ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ. ბევრი სპეკულაციაა ამ საკითხზე და ეჭვებს აღძრავს”, – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს აჭარის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს უყარეს კენჭი. იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა. 4 მომხრე 1 წინააღმდეგი – ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.