ირაკლი ჩიქოვანი : “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგიც ამას ემსახურება. როგორც მან განმარტა, ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, პარტიის მხარდამჭერებს კანონდარღვევის შემთხვევაში ხელი დააფარონ, არის სიცრუე და ყველა ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
“ბატონ ზალიკოსა და ბევრ სხვა სტუმარს ზუგდიდში ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ზუგდიდში. სამეგრელო მიჩვეულია იმას, რომ ადამიანები აქ ურთიერთობენ პატივისცემითა და სიყვარულით, რა თქმა უნდა, პატივს სცემენ კანონს და ასეც გაგრძელდება. იქნება ძალიან ბევრი მცდელობა, რომ მთლიანად საზოგადოება იქნეს შეყვანილი შეცდომაში და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენი მიზანი კი არის, ზუგდიდელებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, რაც აქვს ქალაქს. ვხედავთ, რომ ქალაქმა გამოიღვიძა და ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, რომელიც, რამდენიმე წლით, კვლავ უკან დახევს ზუგდიდს. ყველა კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით გამოძიება დაწყებულია და პასუხი გაეცემა აბსოლუტურად ყველა კითხვას. გრიგოლიშში მომხდარ სამწუხარო ფაქტს რაც შეეხება, ეს იყო საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. რაც სასიხარულოა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი მედიკოსებთან და პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. შესაძლო დამნაშავე კი ძალიან მალე იქნება პასუხისგებაში მიცემული. დაზარალებული ნამდვილად ჩვენი აქტივისტია, შესაძლო დამნაშავეზე კი დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ის შესაძლოა, ჩვენი მომხრე იყოს, თუმცა, ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს მათ კანონის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”,- განაცხადა ჩიქოვანმა.