ზაალ უდუმაშვილი: კრიმინალური წარსულის მქონე პირები ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მათ კანდიდატს “ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლიან – ამის შესახებ უდუმაშვილმა ზუგდიდში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი საარჩევნო სტრატეგიაა მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი პრობლემების მოსმენა. ამ არჩევნებს ვიგებთ ჩვენ. “ოცნების” კამპანია არის ხელის შეშლა, პროვოკაციების ორგანიზება და ძალადობა. ბოლო კვირების განმავლობაში “ოცნების” შტაბის უფროსები და მათი აქტივისტები მათ შორის, კრიმინალური წარსულის მქონე პირები ფაქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ. პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ გვითვალთვალებდნენ, რასაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია. მისი დავალებით ახორციელებენ უკანონო თვალთვალს, რისი უტყუარი ფაქტებიც ჩვენ გვაქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამაზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, სამართლებრივი დევნა განახორციელეს ჩვენი პარტიის წევრების მიმართ. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გრიგოლიშში “ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა დაჭრა ასევე “ოცნების” აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შსს-ს მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის უშუალო დავალებებს ასრულებს მოადგილე ლევან კაკავა. ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს ზუგდიდში ატარებს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი 60 პროცენტით არის გაზრდილი. იმის მაგივრად, გახარია ებრძოდეს კრიმინალს, ის სამეგრელოში დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და საარჩევნო პროცესის გაყალბების მცდელობით. მინდა, დავარწმუნო, რულოვსი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები