ნინო ჯავახაძე: ავარიების 86%-ში მიზეზი მძღოლის ე.წ. უპასუხისმგებლო ქმედებაა გზებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვებს საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ სიტუაციასა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უპასუხა. მინისტრის მოადგილემ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამოტრიალებული მანქანების დროებითი ინსტალაციები მთლიანი კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ინსტალაციებთან ერთად, ქალაქში უკვე გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, რომლებსაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს; ასევე, ტელესივრცეში – შესაბამისი ვიდეოკლიპები. ეს კამპანია საკმაოდ ყოვლისმომცველია. რაც შეეხება რეაქციას, რომელიც ძალიან კრიტიკულია – ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ამ კამპანიით გვინდა, რომ საზოგადოებას დავანახოთ პრობლემის სიმწვავე და მისი თითოეული წევრის ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემასა და მის სიმწვავეს. შესაბამისად, თუნდაც კრიტიკული აზრი ამ კამპანიაში ფაქტობრივად ჩართვასა და მონაწილეობას გულისხმობს. ყველა ადამიანმა, რომელმაც „დაპოსტა ფეისბუქზე“ და გამოთქვა თავისი აზრი, ფაქტობრივად, ამ კამპანიის გავრცობას შეუწყო ხელი. შესაბამისად, არ გაგვკვირვებია ასეთი რეაქცია და შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა კიდეც იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად არავის ყურადღების მიღმა დარჩენილა ამ კამპანიის დაწყება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – სტატისტიკურად რა არის მთავარი პრობლემა და ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა უშუალოდ მძღოლების მიერ უპასუხისმგებლო ქმედებებით არის გამოწვეული.
„რამდენიმე მიზეზი შეიძლება, დავასახელოთ. ბოლო 3 წლის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთელი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 86%-ში მიზეზი უშუალოდ მძღოლის ე.წ. უპასუხისმგებლო ქმედებაა გზებზე, მათ შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობა, საპირისპირო ზოლზე გადასვლა და მანევრირების წესების დარღვევა. რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას – ეს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ მთელი შემთხვევების 26% სწორედ სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. შეიძლება მარტივად ითქვას, რომ სტატისტიკურად ყოველი მეოთხე ავარია ხდება სიჩქარის გადაჭარბების გამო. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მესიჯი, რომ ამ პრობლემას საზოგადოებამ შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები