გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასა’’ და “ნაციონალური მოძრაობის’’ მერობის კანდიდატები მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს უკვე მერამდენე დღეა, მედიისგან ჩუმად მართავენ. დღეს კანდიდატები ამომრჩევლებს მარნეულში რამდენიმე სოფელში შეხვდნენ, თუმცა, მათ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრეს.
გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას’’ მერობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია სპონტანურად იგეგმება. მედიის არყოფნას იმამკულიევი კი იმით ხსნის, რომ კადრებზე აღბეჭდილ მოქალაქეებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, აქედან გამომდინარე, მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებზე მედიის ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
თუმცა, აღსანიშნია, რომ იმავე შეხვედრებზე ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად ეპატიჟებიან ოპოზიციური არხების წარმომადგენლებს. ეს მასალები სხვადასხვა მედიასაშუალებით არაერთხელ გაშუქებულა, თუმცა, ამ დრომდე, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მომხრეთა დაშინების ფაქტები არ დაუსახელებიათ. ამის მაგალითები არც თავად ახმედ იმამკულიევის, ან მისი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელებულა.