მამუკა ბახტაძე: მადლობას ვუხდი რუმინელ მეგობრებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუმინეთში ვიზიტისას რუმინელ კოლეგასთან, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო-რუმინეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
​როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შავი ზღვა ქმნის შესაძლებლობას, ორმა ქვეყანამ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გააღრმაოს.
“მოხარული ვარ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები რუმინეთში, რომელიც საქართველოს გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები. მეგობრობა ქართველ და რუმინელ ხალხს შორის საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის განსაკუთრებით სიმბოლურია დღევანდელი ვიზიტი, რადგან საქართველო და რუმინეთი წელს მეგობრობის 300-წლიან იუბილეს აღნიშნავენ.
ბუნებრივია, როდესაც ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ანთიმოზ ივერიელი, ვახტანგ VI, კონსტანტინე ბრინკოვიანუ. ფასდაუდებელია მათი წვლილი ქართულ-რუმინული ურთიერთობების განვითარების საქმეში.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და დღეს გვაქვს უამრავი საერთო ინტერესი.
ჩვენ, ამავე დროს, ვართ უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულადაც არიან დაკავშირებულნი. შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ – სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში.
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
მივესალმებით ვაშინგტონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი პაკეტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო აქტიურ ჩართულობასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მეგობრებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები