პრემიერი: ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას გვერდში დგომისთვის

“ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუმინეთში ვიზიტისას რუმინეთის პრემიერმინისტრთან, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის მადლობა გადაუხადა.
“შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მან ქვეყნის პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები