მამუკა მდინარაძე – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ დასავლური მიდგომები არ მოსწონს

„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა, არაფორმალურმა, სულიერმა, თუ ნებისმიერი სახის ლიდერმა დაადასტურა, რომ დასავლური მიდგომები არ მოსწონს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„როდესაც ვსაუბრობდით ხოლმე, რომ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა შესაძლოა, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული და მორგებული, მაგრამ მათი ქმედებები აბსოლუტურად საწინააღმდეგო და ანტიდასავლურია, ჩვენს ამ საუბარს ზოგიერთები ირონიითაც კი მიუდგებოდნენ ხოლმე. დღეს უკვე ამ ადამიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა, არაფორმალურმა, სულიერმა, თუ ნებისმიერი სახის ლიდერმა თავის სიტყვითა და განცხადებით დაადასტურა, რომ მას დასავლური მიდგომები არ მოსწონს. აქ უკვე ამ ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ვერ თუ არ აირიდა რუსეთის პროვოკაცია და ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს დელეგაციამ ხმა ისეთ რეზოლუციას მისცა, სადაც რუსული ნარატივი ერთ-ერთ აბზაცში თავიდან ბოლომდე კარგად ჩამოყალიბებული იყო და ეს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება იყო, ამ განცხადებებს სკეპტიკურად უდგებოდნენ. ამ ადამიანმა თავისი განცხადებით კონკრეტულად, დადასტურებულად და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ დასავლური მიდგომები არ მოსწონს. ტოლობის ნიშანი დასვა რუსულ და დასავლურ მიდგომებს შორის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, რაც ამ ადამიანისა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაციაა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები