მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი ზუსტდება

“ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი ზუსტდება”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როდის მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე პასუხს.
მინისტრი ვარაუდობს, რომ აღნიშნული შეხვედრა აპრილში იგეგმება. თუმცა, იგი ზუსტ თარიღს, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებს.
„ჩვენ ვერ გვექნება პასუხი მოლაპარაკების გარეშე. სწორედ ამაზე არის მიმართული მოლაპარაკების პროცესი. დაველოდებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მათთვის მისაღებ თარიღს. შეხვედრაზე აპრილში ვართ შეთანხმებული, თუმცა, ახლა დრო ზუსტდება. მხოლოდ ასეთი მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, რა პოზიციების მიღება იქნება ჩვენთვის შესაძლებელი. შესაძლოა, შევძლოთ ახსნა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ჩვენი არგუმენტაციისა. მოლაპარაკების დროს ხდება პოზიციების დაახლოება და შეჯერება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რვაპუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები