მცხეთის საჯარო სკოლებში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კონკურსი “ჩვენი კალიგრაფი – 2019” ჩატარდა
საქართველოში 14 აპრილს, დედაენის დღეს, ტრადიციულად, არაერთი ღონისძიებით აღნიშნავენ. ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.
პირველად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში “დედაენის დღესთან” დაკავშირებით, კონკურსი “ჩვენი კალიგრაფი – 2019” ჩატარდა. როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსწავლეებს საკუთარი ორიგინალური ხელნაწერის შექმნა წინასწარ განსაზღვრული ნაბეჭდი ტექსტიდან “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი” ევალებოდათ.
საპრიზო ადგილის მფლობელთა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა. ღონისძიება გახსნა მულტიფუნქციური ცენტრის თეატრალურმა დასმა თეატრალური წარმოდგენით – “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!” (რეჟისორი ბესიკ ლომსაძე).
ღონისძიებას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი კაპანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ბაქრაძე და მერის მოადგილე – მარინა ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
ჟიურიმ საპრიზო ადგილის მფლობელები გამოავლინა.
I ადგილი – ნავაზის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიცა ძიგოშვილი, მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე; ელენე უჩუვატოვი, ნავაზის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ბედოშვილი;
II ადგილი – მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ია ოქრუაშვილი; ნავაზის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანი ძიგოშვილი; ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ოსეფაშვილი;
III ადგილი – მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ელენე ლაგაზაშვილი; ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ალავერდაშვილი; ნატახტრის საჯარო სკოლის მოსწავლე, სალომე ბაღაშვილი; ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა მაკარაშვილი.
მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, შორენა არჯევანიძემ საპრიზო ადგილის მფლობელებს დიპლომები და წიგნები გადასცა. მან პირველი ადგილის მფლობელები ვაუჩერებით დაასაჩუქრა, რომელთა საშუალებითაც გამარჯვებულებს შანსი მიეცათ, მიმდინარე წლის მანძილზე უსასყიდლოდ ისარგებლონ ცენტრში შემავალ კულტურულ–საგანმანათლებლო და შემოქმედებითი კლასებით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ სკოლას, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა და ჟიურის წევრებს: ანდრო ბედუკაძეს, ფარნაოზ იორდანიშვილს, ქეთი გაბინაშვილს, ნანა ბოხუასა და ნანა მაჩხანელს.
“არ მეგულება ქართველი, ვისთვისაც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი არ იყოს. ეს არის დღე, რომელიც შექმნა ჩვენმა უფროსმა თაობამ და ისტორიას აჩუქა, როგორც მშობლიური ენისთვის თავგანწირვის სიმბოლო.
1978 წლის 14 აპრილს მე ათი წლის ვიყავი, თუმცა, კარგად მახსოვს ის მოვლენები, რაზეც, როგორც სხვაგან, ჩემს ოჯახშიც ჩუმად საუბრობდნენ. რომ არა იმ ახალგაზრდებისა და მწერლების თავგანწირვა, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ მთელს საბჭოთა კავშირში საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ერს მშობლიურ ენას ართმევდნენ და საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა ყოფილიყო რუსული. სწორედ ჩვენი ახალგაზრდებისა და საზოგადოების ბრძოლამ მშობლიური ენის დაკარგვისგან იხსნა არა მარტო საქართველო, არამედ – სხვა ერებიც. იმდენად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველებმა ამ იდეის მესვეურებს, რომ სხვა ქვეყანაში ამის მცდელობაც აღარ ყოფილა.
საქართველოს ისტორიას ქართველები ქმნიდნენ და მჯერა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. დღეს ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე აღარ ემუქრება.
ვამაყობ იმითაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ერის საუკუნოვანი ოცნება აღასრულა და 2015 წელს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მივიღეთ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რის მიხედვითაც ქართული ენა წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და მისი სახელმწიფოებრივობის აუცილებელ პირობას. იგი არის საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო სახელმწიფოებრივი კუთვნილება. 2016 წელს შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც დაიცავს ჩვენს მშობლიურ ენას უცხო ენების ზეგავლენისგან.
ილია წერდა – „რა ენა წახდეს, ერი დაეცესო!“ ჩემი პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობა დაფუძნებულია სწორედ ეროვნულ ღირებულებებზე. სამშობლო არ არის მხოლოდ ტერიტორია, სამშობლო ჩვენი „დედა ენაა“, ჩვენი რწმენა და რელიგიაა. ამ ყველაფერს მოვლა და პატრონობა სჭირდება. ჩვენი მიზანია, არამარტო ჩვენ მოვუაროთ, არამედ მომავალ თაობებსაც ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული და იმ ფასეულობების გაფრთხილება, რისთვისაც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღე.
კიდევ ერთხელ მსურს, მოგილოცოთ ქართული ენის დღე. ჩვენ ვიარსებებთ მანამ, სანამ ქართულ ენაზე ვიმეტყველებთ. მადლობა ჩვენს გმირებს დღევანდელი დღისთვის, მადლობა უფალს ამ წყალობისთვის!”- განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის თქმით, მშობლიური ენა ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის სიამაყე.
“14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია – დღეს დედაენის დღეა. მიხარია, რომ ეს დღე ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულად აღინიშნება. მცხეთა-მთიანეთი, ტრადიციულად, შეუერთდა ეროვნულ დღესასწაულს. მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ჩვენი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით, საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
მშობლიური ენა ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის სიამაყე. დედაენა ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საუნჯეს წარმოადგენს, რომელსაც თაობები, საუკუნეების განმავლობაში, მამულისა და სარწმუნოების ღირსებასთან ერთად იცავდნენ. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენმა ერმა სიმტკიცის საოცარი მაგალითი აჩვენა, როდესაც საბჭოთა რუსეთის მხრიდან ქართული ენის დაკნინების მცდელობას წინ აღუდგა და მას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
მინდა, მოგილოცოთ დედაენის დღე და ჩემი გულწრფელი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მშობლიური ენის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა სიმტკიცე და ერთსულოვნება საკუთარი ენისა და ღირსების დასაცავად.
“მინდა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. 1978 წლის 14 აპრილი ეს ის თარიღია, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა სიმტკიცე და ერთსულოვნება საკუთარი ენისა და ღირსების დასაცავად. საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე, თითქმის, 100 000 ადამიანი შეიკრიბა და, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ ღირშესანიშნავ დღეს!
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მოვლენა მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, რადგან პირველად ჩატარდა კონკურსი „ჩვენი კალიგრაფი“ , ამაყი ვარ თითოეული მონაწილე ბავშვით, რადგან ქვეყნის ისტორია და მშობლიური ენის შენარჩუნება სწორედ ,რომ მათზეა დამოკიდებული. ვულოცავ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ასპარეზზე”, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ბაქრაძის თქმით, 1978 წელს ახალგაზრდები ქუჩაში საკუთარი ენის დაცვის სურვილმა გაიყვანა. როგორც მან აღნიშნა, მშობლიურ ენას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება.
“1978 წელს 15-16 წლის ბავშვები გავიპარეთ სკოლიდან და აქციებს შევუერთდით, ქუჩაში გამოგვიყვანა საკუთარი ენის დაცვის სურვილმა. როგორც იოანე-ზოსიმე იტყოდა, ქართული ენა „დამარხულ არს დღემდე მეორედ მოსვლისა“, ამ ენაზე შეიქმნა „ვეფხისტყაოსანი“, ეს ღვთისმშობლის ენაა, ილიას ენაა და დღესაც თითოეული ჩვენგანის მხრიდან მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს”, – განაცხადა გელა ბაქრაძემ.