ხმაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან – აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაკავებულის ახლობლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილეები დგებუაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ადგილზე ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი – თენგიზ ჯგუშიაც იმყოფება. აქციის მონაწილეები ” ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასთან შეხვედრას ითხოვენ.
საქმე 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც დგებუაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის თანამშრომლებმა ირაკლი ჯიქია დააკავეს, რომლის იარაღიდანაც დგებუაძის მისამართით გასროლა განხორციელდა. თავად დგებუაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.