სიმინდის მასივების მფლობელებს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები აბაშაში სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნო.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აბაშის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრას პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ესწრებოდნენ.
სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც.
პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი  ფაროსანასთან ბრძოლაში გარდამტეხია.

“სრული მზაობაა იმისათვის, რომ ამ გამოწვევას, ფერმერებთან ერთად, გავართვათ თავი. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართულობა. ეს წელი იქნება გარდამტეხი, მავნებელთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ ფაროსანას ბიოლოგიის შესახებ ისაუბრა და ფერმერების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შარშან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით,  მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.
ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრატეგია ყველა სტანდარტის დაცვით არის შედგენილი და გათვალისწინებულია ფერმერთა ინტერესები, რაც, მათივე თქმით, მოსავლის რაოდენობის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები