ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 84-ე და 85-ე კილომეტრების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის, ადგილზე სანიაღვრე არხების მოწყობა და საასფალტე გზის ზედაპირის დამუშავება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ორკილომეტრიანი მონაკვეთის სრული მოასფალტება, გზის შემოფარგვლა უსაფრთხოების მიზნით, საგზაო ნიშნების მოწყობა რეაბილიტირებული გზის მთელ პერიმეტრზე და გზის დახაზვა.
პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ევორდი“ (AWARD) ასრულებს.
ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მძღოლებისთვის სირთულეს წარმოადგენდა, რადგან გზა ციცაბო აღმართებითა და მკვეთრი მოსახლევებით ხასიათდებოდა. სწორედ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ახალ გზას მიმართულება შეეცვალა და მსგავსი სირთულეები სამომავლოდ თავიდან იქნება აცილებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ მიმართულებით მოძრავ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება გაუადვილდება.
როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება.