ვახტანგ ბერიძე: მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხულოში ყველა სახის სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება მიექცევა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე ხულოს “ხიხანისა” და წალენჯიხის “სქურის” გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩს დაესწრო. თამაში ანგარიშით 2-1, “სქურის” სასარგებლოდ დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” განაცხადა, რომ სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და, მერად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი და მასშტაბური პროექტები განხორციელდება, როგორიცაა, მაგალითად, ხულოში საერთაშორისო სტანდარტების სპორტკომპლექსის მშენებლობა.
“სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით – მაღალმთიანი რაიონისთვის. ჯანსაღი ცხოვრება ადამიანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, ამიტომ სპორტს უნდა მიექცეს ყურადღება. უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. მე, როგორც შემეძლო, აქამდეც მხარს ვუჭერდი და შემდეგშიც ასე გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ხულოში იგეგმება და ჩემს პროგრამაში შედის სერიოზული სპორტკომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება.
მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყურადღება მიექცევა ყველა სახის სპორტის განვითარებას და, რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება ფეხბურთიც. მინიფეხბურთის მოედანი არის ძალიან ბევრ სოფელში, თუმცა, გვაქვს სოფლები, სადაც აღნიშნული მიმართულებით ინფრასტრუქტურაა გასავითარებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. რაც შეეხება აღნიშნულ სტადიონს – აქ გასულ წლებში ჩატარდა რეაბილიტაცია, თუმცა, კიდევ საჭიროებს კარგად მოწყობას, რაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძე.