ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ გიორგი ქობულიასგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებმა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიება ქალაქ ბოლნისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გახსნა. შემდეგ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ადგილობრივ მეწარმეებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო.
საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, ქონებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვევა იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება კი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ასეთი კომპანიებისთვის.
„რეგიონების მეწარმეებისთვის ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, სამომავლოდაც გეგმავს პერმანენტულ საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ამ მექანიზმით, რაც შეიძლება, მეტმა კომპანიამ ისარგებლოს“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
სქემის ოპერირებასა და მონიტორინგს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს.
• სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს;
• სქემის ფარგლებში გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 2 000 000 ლარს;
• საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.
დღევანდელ შეხვედრას 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. კითხვა-პასუხის ფორმატით მათ საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მიეღოთ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები