“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი, ხოლო “კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს

“ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო “კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისათვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო”, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდი“ – მ.ლ. “ქურდული შეკრებით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და, მათ შორის, ბათუმში, “ქურდული სამყაროს” წევრების ერთობას მართავდა, რომლის მხარდაჭერას 2018 წლის აპრილ-ივნისში ახორციელებდნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა.
სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა. 2018 წლის 18 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” წევრობა) და 2232 მუხლით (“ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობა) წარედგინათ. ვინაიდან მ.ლ. მიმალვაში იმყოფება, მას ბრალდება დაუსწრებლად, 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) წარედგინა. ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მ.ლ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.გ, შ.კ და ზ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” საქმიანობაში მხარდაჭერა), ხოლო მ.ლ. 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი.გ-ს თავისუფლების 2 წლითა და 6 თვით აღკვეთა, შ.კ-ს და ზ.ა-ს 2-2 წლით, ხოლო მ.ლ-ს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენის გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები