„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი: სანდრა მოქალაქეებს გაურბის, მას ხალხთან შეხვედრის ეშინია
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავდა, სადაც „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელს, თეონა ქარდავას შესვლის უფლება არ მისცეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე დასწრება მოითხოვა, რათა ზვიად გამსახურდიას შესახებ კითხვა დაესვა, თუ რატომ მოიხსენია სანდრა რულოვსმა ის ბანდიტად.
მისივე განმარტებით, “ენმ-ის” ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ – ანი წითლიძემ და მხარდამჭერებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„მინდოდა, ქალბატონი სანდრასთვის მეკითხა, რატომ მოხდა შერჩევით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, ამ დროს კი მოვიდა ანი წითლიძე და სუს-ის აგენტი მიწოდა. მათ ჩემთან შეხვედრის ეშინიათ, რადგანაც ვარ რეპრესირებული ადამიანი. 2009 წელს გამომასახლეს, მათი რეჟიმის მსხვერპლი ვიყავი, როდესაც მუდმივად არღვევდნენ დევნილთა უფლებებს და კიდევ მინდოდა, მეკითხა, რატომ არის ზვიად გამსახურდია ბანდიტი. სწორედ ამისი ეშინოდათ და ამიტომაც არ მიმიწვიეს. ის მოქალაქეებს გაურბის, სამეგრელომ უმძიმესი პერიოდი გაიარა “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს“, – განაცხადა ქარდავამ.